ტრენერთა ტრენინგი, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა ©

@Nodar Tatvidze

პროექტი სახელწოდებით „სწავლება წარმატებისთვის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს თემატური სწავლების და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობას ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით. გარდა ამისა, იგი ზოგადად გააუმჯობესებს ინგლისური ენის სწავლა/სწავლების დონეს.

პროექტის დასრულებისას საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ეფექტურად ასწავლონ „პროექტზე დაფუძნებული სწავლების“ მეთოდიკის გამოყენებით და საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ თემატური პროექტები. ამას გარდა, პროექტში ჩართულ პედაგეგებს ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას, რათა აიმაღლონ თემატური სწავლებისა და „ინტეგრირებული კურიკულუმის“ კუთხით საგნობრივი თანამშრომლობის ცოდნა.

პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებასთან ერთად შეიძინონ 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იპოვონ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გაიღრმავონ საგნობრივი ცოდნა სხვადასხვა დისციპლინებში.

სასურველი შედეგების მისაღწევად და პროფესიული კომპეტენციის გასაუჯობესებლად მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება რეგულარულად გაიარონ სატრენინგო კურსები შესაბამისი მეთოდიკით, მიიღონ რჩევები პროფესიონალებისგან და ისარგებლონ სათანადო მასალებით.

კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 31 იანვრამდე გამოვაცხადეთ კონკურსი ინგლისური ენის იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც 2018/2019 წლებში გაიარეს ტრენინგები პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდიკაში. მასწავლებლებმა უნდა წარმოედგინან მათ მიერ თავიანთ სკოლებში განხორციელებული პროექტები.

ამჟამად მიმდინარეობს საკონკურსო პროექტების განხილვა.

ყურადღება – ვაცხადებთ ტრენინგებს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის!

2020 წლის 5 თებერვლიდან მიმდინარეობს განაცხადების მიღება 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგზე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. რეგისტრაცია ხდება ეტაპობრივად, რეგიონების მიხედვით.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ შეავსონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.