IDEAS პროექტი საქართველოში

პროექტის შესახებ

2013 წელს ბრიტანეთის საბჭომ ევროკავშირის დაფინანსებით ახალი პროექტი წამოიწყო, სახელწოდებით „IDEAS“, რომელიც გამიზნულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის ხელშეწყობას.      

საქართველოში, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხის ირგვლივ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის არ შეესაბამება იმ პირთა საჭიროებებს, ვისზეც ეს გადაწყვეტილებებია მიმართული. არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ხშირად უგულებელყოფილია სერვისების მიწოდების სისტემის არაეფექტურობის, სამთავრობო უწყებების არასაკმარისი კონტროლისა და მთავრობის წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ნაკლები გაცნობიერებულობის გამო. ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შესაბამისი ორგანიზაციების, როგორც მთავრობის პარტნიორთა, მეტი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.      

პროექტ „IDEAS“ მიზანია ინკლუზიური საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდით პოლიტიკის შექმნის პროცესში, რაც, ამავდროულად, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების უფრო ეფექტურ წარმოდგენასა და მათი უფლებების დაცვას.  

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ აზერბაიჯანში, იორდანიაში, ლიბანში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში.    

პარტნიორი საქართველოში

საქართველოში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა მშვიდობისა და განვითარების აკადემია (APD), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო არაკომერციულ არაპოლიტიკურ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. იგი იღვწის ახალგაზრდების პოტენციალის ზრდაზე, მშვიდობის განმტკიცებაზე, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის პრინციპების გამყარებაზე სამხრეთ კავკასიაში.  

პროექტის ძირითადი საქმიანობები

პროექტ „IDEAS“ ფარგლებში დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა და ცალკეულ პირთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. პროექტის ძირითადი საქმიანობები მოიცავს: 

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობას პოლიტიკის დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვას;
  • ადგილობრივი სამთავრობო ორგანოებისთვის გადაწყვეტილების მიღების  ჩარჩოს შემუშავებასა და პილოტირებას, რაც გაზრდის მთავრობის შესაძლებლობებს, უკეთ ცნოს და მეტად ჩაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებასა და უფლებების დაცვაში; 
  • ინკლუზიურ გადაწყვეტილებათა რეკომენდაციების სამი სახელმძღვანელოს შემუშავებას სამთავრობო უწყებებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიისთვის (იხილეთ ფაილები Downloads სექციაში); 
  • ტრენინგპროგრამების შემუშავებას და განხორციელებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მეტი ჩართულობისთვის; 
  • საერთაშორისო ვორკშოპების მოწყობას სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მონაწილეობით.
  • სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას დიდ ბრიტანეთში.

პროექტის მონაწილეთა მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები მონაწილე ქვეყნების პრიორიტეტების გამოსავლენად და სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად იმ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც გამოიკვეთა თითოეული მონაწილე ქვეყნის მიერ. დასახელდა შემდეგი პრიორიტეტები: 

  • ხელმისაწვდომობა არქიტექტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის სფეროებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გაეროს კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად; 
  • ინკლუზიური განათლება ყველა საფეხურზე; 
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმოდგენა სამთავრობო სტრუქტურებში და მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 
  • სერვისების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დამოუკიდებელი საცხოვრებლის ჩათვლით;  
  • დასაქმება და სამუშაო ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;  
  • შეღავათების გათვალისწინება იმ პირებისთვის, რომელთაც ისინი ესაჭიროება. 

პროექტის ფარგლებში ასევე შედგა სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში,  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ღია და ინკლუზიური პროცესის საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად. სასწავლო ვიზიტი მოეწყო ოქტომბრის შუა რიცხვებში და მისი შედეგები განიხილება 2013 წლის დეკემბერში თითოეულ მონაწილე ქვეყანაში დაგეგმილ ვორკშოპებზე.   

2013 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება საკომუნიკაციო პორტალი მონაწილე ქვეყნებში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და რჩევის მისაღებად.  

გარე ბმულები