ამაში ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე - ანასტასია მნაცაკანოვა სრულიად დარწმუნებულია. ანასტასია იმ 10 მოცეკვავიდან ერთ-ერთია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინკლუზიურ წარმოდგენაში - „არგონავტები“. წარმოდგენა შეიქმნა ბრიტანული საცეკვაო კომპანია ქენდუკოსა და Lost Dog-ის საერთაშორისო გუნდის თანამშრომლობის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შეუზღუდავი შესაძლებლობები- სწორი ნაბიჯების გადადგმა“- მხარდაჭერით.
მე ვარ პროფესიონალი მოცეკვავე და ვთანამშრომლობ თბილისის ინკლუზიურ საცეკვაო კომპანიასთან. ბრიტანელ მოცეკვავესა და „არგონავტების“ ერთ-ერთ პროდიუსერს, ჯემაიმა ჰოდლის ორი წლის წინ შევხვდი, მაშინ როცა ქენდუკოს საცეკვაო კომპანიამ მასტერკლასი ცეკვის ვორკშოპი ჩაატარა თბილისში. გამიმართლა, რომ გავიარე ქასტინგი კიევში და გავხდი „არგონავტების“ გუნდის წევრი.
პროექტით დავინტერესდი იმიტომ რომ ვმღერი და ვცეკვავ, თუმცა მანამ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ინკლუზიურ წარმოდგენაში. ჩემთვის ეს სრულიად ახალი გამოცდილება იყო, ამ გამოცდილების საფუძველზე აღმოვაჩინე რაღაც ახალი საკუთარ თავში და შევძელი ახლებურად შემეხედა მარტივი რაღაცებისთვის.
საპრემიერო ჩვენებისთვის 20 დღის მანძილზე 5-7 საათის განმავლობაში ვმუშაობდით. დრო სწაფად გავიდა, რადგან პირველ რიგში, საინტერესო საქმით ვიყავით დაკავებულნი, გარდა ამისა, ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს ვამჩნევდით - მიდგომებში, საკუთარ თავში, რეაქციებში. სცენაზე ყოველთვის სასიამოვნო ატმოსფერო იყო, რაც უმეტესწილად გუნდზეა დამოკიდებული.
წარმოდგენაში მონაწილეობამდე, ხანმოკლე პაუზა მქონდა ცეკვაში. უფრო სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. მაგრამ როცა დაიწყო რეპეტიციები, ხელახლა დავიწყე მოძრაობა და ცეკვა, რაც იქცა ჩემი შთაგონების წყაროდ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან თავისუფლები ვიყავით. მე დავასრულე ბალეტის სკოლა, სადაც მიჩვეული ვიყავი მკაცრ სტრუქტურას: უნდა გამეკეთებინა ის, რასაც მეუბნებოდნენ. აქ კი მქონდა იმპროვიზაციის შესაძლებლობა. სულ სხვა გრძნობაა, როცა იცი როგორ გააკეთო იმპროვიზაცია.
კულტურის სექტორში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ხარ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეტლის არსებობა თუ არარსებობა არაფერს ცვლის. შემოქმედებით პროცესში შეზღუდული შესაძლებლობა ნამდვილად არ წარმოადგენს დაბრკოლებას და „არგონავტები“ ამის კარგი მაგალითია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ხარ თუ არა მზად გაიხსნა, სცადო და არ იფიქრო იმაზე, მიგიღებენ თუ არა. თუ უარს გეტყვიან, დაე გითხრან, რადგან კიდევ ბევრგან შეგიძლია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მთავარია არ გაჩერდე.
„არგონავტები“ საინტერესო და უჩვეულო წარმოდგენაა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ის თითოეული მონაწილის პირად ამბავზეა აგებული, თითოეული მონაწილის ინდივიდუალურობა დაცულია. ასევე რეჟისურა, მუსიკა, დეკორაცია - ყველაფერი ძალიან მდიდრული და გემოვნებიანია.
შეზღუდულ შესაძლებლობებთან ძალიან ბევრი სტერეოტიპია დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კომპლექსური სოციალური საკითხია იმისთვის რომ მის აღმოსაფხვრელად მხოლოდ წარმოდგენები გამოიყენო, თუმცა რა თქმა უნდა თუ ბევრი ამგვარი პროექტი იქნება, უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ცნობიერებაში პოზიტიური ცვლილებების მოხდენას. როცა მესმის როგორ ამბობს მაყურებელი: „ ნახე, სცენაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და რა მაგრად მოძრაობს!“- ვხვდები რომ ეს ყველაფერი არ არის ფუჭი!
ჩემთვის ძალიან რთულია პროექტის მომავალზე საუბარი, თუმცა მონაწილეებიც და ორგანიზატორიებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროექტით. მე ვერ ვხედავ გაჩერების მიზეზს, პირიქით, ველი შემდგომ განვითარებას. თანამშრომლობა, და ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური შესაძლებლობებისა და წარმოდგენების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.