გაიცანით ლალი ტერტერაშვილი, მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე ინგლისური ენის მასწავლებელი ტყვიავის სკოლიდან, რომელიც ჩვენ „საგანამანათლებლო ჰაბების“ პროგრამაშია ჩართული. იგი ჩვენ შარშან შემოგვიერთდა.
„დავიწყებ თავიდან. მასწავლებლობა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი პედაგოგი იყო, ამ პროფესიის არჩევა არც კი მიფიქრია. გავიდა დრო და ახლა მე მასწავლებელი ვარ. შარშანდლამდე ჩემი ყოველი სამუშაო დღე ერთნაირი იყო, არაფრით განსხვავდებოდა. ერთი წლის წინ ჩემი სკოლის დირექტორმა შემომთავაზა ჩავრთულიყავი ბრიტანეთის საბჭოს პროექტში „საგანმანათლებლო ჰაბები“. დავთანხმდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე ხალისით, რადგან სასწავლო პროექტში ადრე მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაზე მათ ზეგავლენა არ მოუხდენია. პირველივე ტრენინგიდან მივხვდი, რომ ეს პროგრამა განსხვავებული იყო დაძალიან სასარგებლო იქნებოდა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც მასში ჩაერთვებოდა.
პირველი, რაც პროგრამისგან ვისწავლე, არის, როგორ შევუქმნა მოსწავლეებს მეგობრული, პოზიტიური და ხელსაყრელი გარემო. ერთი წლის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვებს შესანიშნავი იდეები აქვთ და ეს იდეები უნდა დავაფასოთ, პატივი უნდა ვცეთ. ცხადია, იყო გამოწვევებიც. რამდენადაც ანალოგიურ პროგრამაში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, შესაბამისად მაკლდა თავდაჯერებულობა, მაგრამ ბრიტანეთის საბჭოს არაჩვეულებრივი ტრენინგების შედეგად დავრწმუნდი, რომ შემეძლო ჩემი იდეები, მოსაზრებები თამამად გადმომეცა და არავინ განმსჯიდა ამის გამო. შესაბამისად, ნამდვილად უფრო თავდაჯერებული გავხდი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის მივცემ შესაძლებლობას თავისუფლად ისაუბრონ, გამოხატონ მოსაზრებები, მათ ხომ ძალიან სურთ ისაუბრონ, რადგან იციან, რომ მოუსმენენ და მათ აზრებს პატივისცემით მოეკიდებიან.
პროგრამაში მონაწილეობამ ჩემი ცხოვრება არსებითად შეცვალა. სწორედ ამ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მივხვდი, რომ მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიაა. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და მათი დახმარება სურს. ეს კი მათი საგანმანათლებლო ჰაბის მასწავლებელია.“